პროექტის შესახებ

პროექტი ვეფხისტყაოსნის” პარალელური კორპუსი 2012 განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრში. იგი მიეძღვნა პოემის პირველი ბეჭდური გამოცემის სამასი წლისთავს. ვეფხისტყაოსნის”  ინტერდისციპლინარული, მულტილინგვური პორტალის მიზანია პოემის ტექსტური და ვიზუალური (ილუსტრაციები, კალიგრაფია, ყდა) მემკვიდრეობის დოკუმენტირება თანამედროვე ლინგვისტური და ტექნოლოგიური სტანდარტების მიხედვით, ვეფხისტყაოსანთან” დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი და ბიბლიოგრაფიული მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია, გამოქვეყნება და კვლევა. პორტალში წარმოდგენილია რამდენიმე ძირითადი ბლოკი:

1. ტექსტების ბლოკი ორი ნაწილისგან შედგება: ა. ვეფხისტყაოსნის” გამოცემები, ბ. ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერები. ამ ბლოკში შესულია პოემის ყველა ქართულენოვანი ბეჭდური გამოცემისა და საქართველოში დაცული ხელნაწერების ელექტრონული ვერსიები.

2. ვეფხისტყაოსნის” პარალელური კორპუსის ბლოკში დაბალანსებულია  პოემის ყველა ქართულენოვანი გამოცემის, ხელნაწერებისა და ინგლისურნოვანი  თარგმანების ტექსტები. ამ უკანასკნელში შეტანილია მარჯორი უორდროპის, სტივენსონისა და ნათელა ურუშაძის თარგმანები, სულ ხუთი გამოცემა. ბლოკში ძიება შესაძლებელია როგორც ცალკეული გამოცემების, ხელნაწერებისა და ინგლისური თარმანების, ასევე ყველა არსებული ტექსტური რესურსის მიხედვით.

3. ვიზუალური მემკვიდრეობის ბლოკი მომზადდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით. ვეფხისტყაოსნის” პარალელურ კორპუსში განთავსდა თითო გვერდი ილუსტრირებული ხელნაწერებიდან, ასევე კალიგრაფიისა და ყდის ნიმუშები.

4. სამეცნიერო ლიტერატურის ბლოკში წარმოდგენილია პოემის ირგვლივ არსებული ძირითადი სამეცნიერო ლიტერატურა.

5. ხელნაწერთა მინაწერების ბლოკში წარმოდგენილია სხვადასხვა ეპოქის ხელნაწერებზე დართული  მეტატექსტები. მათი უმეტესობა პირველად ქვეყნდება. 

ვინაიდან გამოცემები და ხელნაწერები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებიან როგორც სტროფების რაოდენობის მხრივ, ასევე შინაარსობრივადაც, ამიტომაც პროექტის მსვლელობისას საჭირო გახდა პროგრამული უზრუნველყოფის, Corpuser-ის შექმნა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ხელნაწერთა და გამოცემათა ტექსტების ერთმანეთთან გათანაბრება. პროგრამა ნახევრადავტომატურ რეჟიმში გვაძლევს გარე-ანოტირების (ტექსტის სტრუქტურის დონეზე ანოტირება) და ტაეპების გათანაბრების შესაძლებლობას.

ამ ეტაპზე პორტალის შექმნა თითქმის დასრულებულია. პორტალზე შესაძლებელია პოემის არსებული ვერსიების ნახვა, მათი შედარება კონკრეტული ხელნაწერისა თუ გამოცემის მითითების გზით, გვერდები მითითებულია ზუსტად იმ ფორმატით რომელიც გვხვდება ხელნაწერში ან გამოცემაში. მიმდინარეობს სამეცნიერო ლიტერატურის ბლოკის შევსება.

ამ ეტაპზე ლინგვისტურ კვლევათა ცენტრი მუშაობს თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიური ანალიზატორის შექმნაზე; ამ პროექტის დასრულების შემდეგ  იგეგმება ვეფხისტყაოსნის პარალელური კორპუსის ქართული ნაწილის მორფოლოგიური ანოტირებაც.

პროექტზე მუშაობდნენ პროფესორები: ნინო დობორჯგინიძე (პროექტის ხელმძღვანელი), ირინა ლობჟანიძე (იდეის ავტორი და პროექტის კოორდინატორი), მერაბ ზაკალაშვილი, ირაკლი გუნია, გიორგი სოხაძე (პროგრამისტები), ცირა ხახვიაშვილი, ნატო ბილანიშვილი, გვანცა შუბითიძე და ლია კუპრეიშვილი (ასისტენტები).